FANDOM


Tab-canon-black

კაილო რენი, ძალის მგრძნობიარე, იყო რენის რაინდების წევრი და პირველი ორდენის უზენაესი მეთაური. დაიბადა იავინის ბრძოლიდან 5 წელს, ენდორის ბრძოლიდან ერთი წლის თავზე, პლანეტა ჩანდრილაზე. დაბადებისას მშობლებმა, ლეია ორგანამ და ჰან სოლომ დაარქვეს ბენ სოლო. მამა იმდენად დაკავებული იყო სხვა საკითხებით, რომ ხშირად ბენი სიმარტოვეს გრძნობდა. დედის მხრიდან მემკვიდრეობით ერგო სიახლოვე ძალასთან, რაც ასევე დაინახა სნოუკმა. ლეიას თხოვნით ბენი ჰანმა მიაბარა ოსტატ ჯედაი ლუკ სკაიუოკერს. თუმცა, სნოუკმა განიზრახა ბიჭუნას ძალის ბნელ მხარეს მოქცევა. ერთხელ ღამით ბენს გაეღვიძა და დაინახა, თუ როგორ დაადგა თავზე ლუკი აღმართული სხივური ხმლით. იფიქრა რა, რომ მასწავლებელმა მისი ძილში მოკვლა განიზრახა, ბენი გაიქცა, მოკლა ლუკის სხვა მოწაფეები და როგორც რენის რაინდი, იქცა სნოუკის მოწაფედ. პირველ ორდენში მას იმ დროიდან ჯედაების მკვლელს უწოდებდნენ. რენისთვის კერპად იქცა ბაბუამისი, დართ ვეიდერი, ამიტომ იმედოვნებდა, რომ დაასრულებდა წინაპრის მიერ დაწყებული და გაანადგურებდა ყველა ჯედაის. პირველი ორდენის წინამძღოლობისას ხშირად უპირისპირდებოდა თავად ორდენის გენერალ არმიტიჯ ჰაქსს, ვინაიდან მისი იდუმალი ფიგურა ეჭვს იწვევდა.

რენის ბნელ მხარეზე გადასვლის შემდეგ სკაიუოკერი განმარტოვდა და დაიწყო ჯედაების პირველი ტაძრის ძიება. რენის მეთაურობით პირველი ორდენი ეძებდა რუკის ფრაგმენტს, რათა მიეღო ლუკის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია. იავინის ბრძოლიდან 34 წელს ეს ნაწილი აღმოაჩინეს ლორ სან ტეკასთან, პლანეტა ჯაკუზე. თუმცა, რენმა დააგვიანა - მოხუცმა სქემა გადასცა პო დემერონს. ელექტრონული მატარებელი რუკის ნაწილით პომ დამალა დროიდ BB-8-ში. მოგვიანებით დროიდი იპოვა რეიმ, საბოლოოდ კი, ყველა, რეისთან ერთად - ჰან სოლომ. ბენმა მათ ადგილსამყოფელს მიაგნო ტაკოდანაზე, გაიტაცა რეი, წაიყვანა სტარკილერის ბაზაზე და სცადა, მისი გონებიდან მოეპოვებინა ინფორმაცია რუკის შესახებ, მაგრამ გოგონა მას გაექცა. რეის დადევნებისას ბენმა, სანამ ბაზაზე წინააღმდეგობა შეტევას ახორციელებდა, მამამისი მოკლა, იმ იმედით, რომ ეს დაეხმარებოდა ძალის ბნელი მხარის უფრო მეტად ათვისებაში. ბაზასთან მდებარე ტყეში რენს ჯერ ფინი, შემდეგ კი რეი დაუპირისპირდა, სხივური ხმლით. რენი დაიჭრა და გოგონა ფინთან ერთად, გაიქცა.

სტარკილერის ბაზის განადგურების შემდეგ რენი დაეშვა სნოუკის ხომალდ "ბატონობაზე", სადაც უზენაესმა მეთაურმა კვლავ გაკიცხა დაშვებული შეცდომების გამო. ეპარებოდა რა ეჭვი, რომ რენი გახდებოდა ისეთივე დიადი, როგორც მისი წინაპარი, წინააღმდეგობის ფლოტის დევნის ოპერაციაში იგი არ ჩართო. ამ დროს რენმაც და კუნძულ ეჩ-ტოზე ლუკის დასახმარებლად მოსახმობად ჩასულმა რეიმაც აღმოაჩინეს, რომ ერთმანეთთან ძალის მეშვეობით კავშირი ჰქონდათ - მათ თავისუფლად შეეძლოთ ერთმანეთის დიდ მანძილზე შეხება, ხმის გაგონება და ხილვა. კავშირი მათ შორის სულ უფრო იზრდებოდა და რეიც ბენის საკუთარ თავთან ჭიდილზე დამატებით დეტალებს ეცნობოდა. საბოლოოდ მან გადაწყვიტა რენს დაპირისპირებოდა, იმ იმედით, რომ უკანასკნელი სნოუკთან ბრძოლაში დაეხმარებოდა. მაგრამ რენმა თავად მოკლა სნოუკი, რომელმაც გოგონას მოკვლა უბრძანა. ამასთან, იგი ძალის ნათელ მხარეს არ გადასულა - თავად გადაწყვიტა სნოუკის ადგილის დაკავება და რეისაც შესთავაზა, მხარში ამოსდგომოდა, რათა გალაქტიკა ერთად ემართათ. მაგრამ გოგონა დაუბრუნდა წინააღმდეგობას.

უზენაესმა მეთაურმა კაილო რენმა იმ ჟამიდან მოყოლებული, გენერალ ჰაქსს უბრძანა, გამოეყენებინა პირველი ორდენის ძალები და გადაესხა ისინი პლანეტა კრეიტზე, რათა წინააღმდეგობის უკანასკნელი წევრები გაენადგურებინათ. ამ ბრძოლისას ყოფილი მოწაფის წინააღმდეგ გამოვიდა თვით ლუკ სკაიუოკერი, რომელიც საბოლოოდ მხოლოდ პროეცირებული აჩრდილი აღმოჩნდა. სანამ მათი ორთაბრძოლა მიმდინარეობდა, წინააღმდეგობის წევრები პლანეტიდან გაიქცნენ. ამგვარად, რენმა ვერ გაიმარჯვა ჯედაებსა თუ წინააღმდეგობაზე.

შენიშვნები და წყაროები